მუხრან მაჭავარიანი


***

შუაღამეა.
ჭადრებთან გელი.
თორმეტს აკლია წუთი ორიღა.
მე ჯერ სახელი არ ვიცი შენი,
არ ვიცი:
ვინ ხარ,
ან როგორი ხარ.

შუაღამეა.
ჭადრებთან გელი.
ნუ გეშიანა, _
გაბედე _ მოდი.
შენ,
რა თქმა უნდა,
გიცნობენ ხენი.
ნეტავ, ერთ-ერთის ვიყო მეც ტოტი.
ვინ ხარ! _
მეტყოდი.

შუაღამეა.
ჭადრებთან გელი _
კაცი ალალი,
კაცი მართალი.
ვარ შუაღამის ჰავით დამთვრალი,
ინათლა.
სხივი ამოთავთავდა.
ვინ ხარ! _
სახელი მითხარი შენი.



უხალხო ქუჩა

სუნთქვაში ისმის
ხმაური სისხლის,
სქელია ნისლი...
შორს ხმაა მამლის...
შედედდეს ლამის
თამბაქოს კვამლი...
სუსხია ღამის,
არსაით მგზავრი,
საათის 3.
წყურვილი მძლავრი
ქუჩაში
ქალის სხეულის გავლის.



***
მიწას _
ჩემსას, შენსას, მისას _
ცა დაჰყურებს _
არავისი.

აი, მთვარე,
აი, წვიმა,
აი, თოვლი,
აი, ნისლი...

და ეს მთვარე,
და ეს წვიმა,
და ეს თოვლი,
და ეს ნისლი
(ჩემთან _ ჩემი,
სხვასთან _ სხვისი)
არის ვისი? _
არავისი.

მიწას _
ჩემსას, შენსას, მისას _
ცა დაჰყურებს _
არავისი.