გიორგი ლეონიძე


ღამე ივერიისა

ისევ აყვავდა გული ვარდივით,
და ისევ მინდა, შენზე დავწერო...
დარიალიდან გადავარდნილი
ხაზარეთისკენ მისცურავს წერო.

დახანძრებული წევს ივერია,
მტკვარზე წნორები უკრავენ თარებს,
მეტივეები სადღაც მღერიან,
სოფლის გუბეში გაჩრილა მთვარე...

სთვლემენ ბეღლებში ლურჯი ყანები,
ელვარებს ხვავი, თითქოს ლამპარი.
ჩალაგდნენ ყველა ჩინგისხანები...
სთქვაი, მეწისქვილევ, ერთი ზღაპარი.

სთქვი, ნაღვლიანი ძველი ქართლივით,
ან ლამაზ ქალზე ერთად ვიმღეროთ...
დარიალიდან გადავარდნილი...
ხაზარეთისკენ მისცურავს წერო...



სიმღერა პირველი თოვლისა

ეს თოვლია თუ მიმინომ
დააფეთა მტრედები?
ვარსკვლავთა ოთახებში
ჩათვლემილებს ეძინათ,
ეხურათ ხავერდები...

ჩქარა!
მინდა ვუყელო,
მესმის მათი თქერანი...
სავსე თოფი მომეცით
და ცხენი ნაქერალი!

ორმა გუნდმა კიდევაც
მდინარეში გასტოპა!
ჩქარა!
თორემ წასულა
ჩემი ახალგაზრდობა!

წასულა და წასულა,
ნეტავ საით წასულან
ის პატარა სიზმრები?
სიჭაბუკის დღეები
შორიდან მომბღავიან
როგორც მთიდან ირმები...
...
ვა, შენ ჩემო თეთრო მტრედო,
გულო ჩემო კრიალა!
საკალმახე წყალივით
ლექსი ვერ ვაწკრიალე,
და როგორც
ციცნათელა
აბედს არ ეკიდება,
სიჭაბუკის გარეშე
ლექსს ვინ მისცა დიდება?!

_ ეს ცრემლია თუ გულმა
დასძრა ლექსის მტრედები? _
ვარსკვლავთა ოთახებში
ჩათვლემილებს ეძინათ
და ჰქონდათ იმედები...

_ ეს ლექსია თუ მღერის
გავლილ დღეთა კრებული?
გულია თუ მინდორი,
დილას მოფუტკრებული?

_ არა! ეს თოვლი არის
ვარსკვალვების ქაფითა;
არა, ეს მტრედებია,
მიმინომ დააფეთა!

ჩქარა!
მინდა, ვუყელო,
თოფი ვტყორცნო ხმიანი,
ჩქარა! ზარით მარხილი
ოქროს ჩარდახიანი!

ორმა გუნდმა კიდევაც
მდინარეში გასტოპა!
ჩქარა,
თორემ წასულა
ჩემი ახალგაზრდობა.



ყივჩაღის პაემანი

ყურღანებიდან გნოლი გაფრინდა,
ყაბარდოს ველი გადაიარა,
ისევ აღვსდექი! _ მუხრანის ბოლოს
ჩასაფრებული ვსინჯავ იარაღს.

ქსანზედ, არაგვზედ ისევ ჰყვავიან
ხოდაბუნები თავთუხებისა,
შენი ტუჩებიც ისე ტკბილია,
როგორც ბადაგი დადუღებისას.

ხოხბობას გნახე, მიწურვილ იყო
როცა ზაფხული რუსთაველისა,
ნეტამც ბადაგი არ დამელია
და იმ დღეს ხმალი არ ამელესა!

ტრამალ და ტრამალ გამოგედევნე,
შემოვამტვრიე გზები ტრიალი,
მცხეთას ვუმტვრიე საკეტურები,
ვლეწე ტაძრები კელაპტრიანი!

მაგრამ თვითონაც დაილეწება,
დაბადებულა ვინც კი ყივჩაღად,
მუზარადიან შენს ქმარს შემოვხვდი,
თავი შუაზე გადამიჩეხა!

მოდი, მომხვიე ხელი ჭრილობას,
ვეღარა გხედავ, სისხლით ვიცლები...
როგორც საძროხე ქვაბს ოხშივარი,
ქართლის ხეობებს ასდით ნისლები...

მოდი! გეძახი ათას წლის მერე,
დამნაცროს ელვამ შენი ტანისა;
ვარდის ფურცლობის ნიშანი არი
და დრო ახალი პაემანისა!..



***
ცაში პირველი ნამეხარია.
გამოიშალა ნუშის ფურცელი,
რა მიხარია,
ასპიტ ზამთარს რომ გავუძელი.