იოსებ გრიშაშვილი


აპრილი თბილისში

რად ავიხირე არქივი
სულის და გულის მდაღველი,
ან რადა ვშრომობ ამდენსა,
განა ცოტა მაქვს ნაღველი?:
მინდა ავცელქდე, ვით უწინ,
მაგრამ რომ არა მცალია?
სოსო, რა კარგი დღე არის!
სოსო, რამდენი ქალია!

რად ვეჭიდები ამ გუჯრებს, _
ამ ცხრათავიან მდევებსა, _
ერთ კარგ რითმაში არ გავცვლი
მე ამდენ გამოკვლევებსა!
ჰაერში ოქრო ლივლივებს,
მთებზე _ ზურმუხტი, ლალია...
აფსუს, რა კარგი დღე არის!
აფსუს, რამდენი ქალია!

სადა ხართ, ლამაზმანებო,
მოდით, დამათვრეთ ბუნებით,
ამივსეთ ტუჩის ყულაბა
მაგ კოცნის უზალთუნებით.
თორემ ვბერდები... და გულმაც
ლოდინის შხამი დალია...
ჰაუ, რა კარგი დღე არის!
ჰაუ, რამდენი ქალია!



ჩემი აღმართი

ეხლა შენ ჩემთან აღარ დადიხარ!
ამბობ: `შორს ცხოვრობ, აღმართი მღალავს!~
შენ რიოში ხარ, როგორც სადიხა,
და ჩვენს სიყვარულს არ უხდი ღალას!

როცა გიყვარდი, ვგავდი ია-ვარდს,
მე არ ვიცოდი, რა იყო დარდი!
ლექსად ვფანტავდი ფერთა ნიაღვარს,
როცა გიყვარდი... როცა გიყვარდი...

როცა გიყვარდი ჩემი ხარფუხი
შენს შესახვედრად ფეხზე დგებოდა
და სუბსარქისის მკაცრი ქარბუქი
უნაზეს სიოთ გეჩვენებოდა.

როცა გიყვარდი, ბევრჯერ შევახეთ
ჩვენი ტუჩების შირაზის ვარდი;
ჩემი აღმართი მიგაჩნდა ვაკედ,
როცა გიყვარდი... როცა გიყვარდი...