ელენე დარიანი, ტიციან ტაბიძე, ვალერიან გაფრინდაშვილი, პაოლო იაშვილი

ელენე დარიანი 


ელენე დარიანი წერს უბრალოდ და აბნეულად

ამაღამ მგონი იქნება ქარი...
ვაი, დედოფალ ტყემლების ბრალი.
დაღონებული წავიდა ქმარი
და დაბრუნდება დილაზე მთვრალი.

დიდი ხანია ამ ბუხრის ალში
ტკივილით იწვის ჩემი ოცნება...
ქმარმა გასცვალა მომღერალ ქალში
ჩემი ცოდვილი პატიოსნება.

ალბათ მოჰყვება მას სავარცხელი
უფრო უბედურ ჩემი მეტოქის...
მეტყვის ბრძანებით: _ მომეცი წყალი
ჩემი ფერადი სპარსული დოქის.

ცოლი ვარ მისთვის მე სასახელო
(მე ის მკოცნიდა სხივიან დღეში).
ღვინით გასვრილი მისი საყელო
გადავარდება მყუდრო კუთხეში.

ქმრის სითამამე ჩემი ბრალია,
არ ვწუხვარ ბევრჯერ რომ მოვეხათრე...
რადგან ძვირფასი მეტად მთვრალია...
დაეძინება მას ჩემზე ადრე.



ძახილი

მარგალიტები მოვიხვიე ყელზე სამწყება.
მარგალიტები, იაგუნდები...
არ შემიძლია შენი სახის გადავიწყება!
არ დაბრუნდები?

თეთრშემოსილი ვწევარ მე შენს ნაცნობ საწოლზე,
სევდიანია ღამე მძინარი,
ნუთუ არ ფიქრობ, სანატრელო, შენ სათუთ ცოლზე...
არავინ არი...

ჩუმად ვკითხულობ შენს ძველ წერილს ყვითელს, დახეულს...
სხვა რა მაქვს შენი მე ამის გარდა?
მე თვითონ ვკოცნი ჩემს თეთრ მკლავებს,
ჩემს დამწვარ სხეულს,
შენ რომ გიყვარდა...

მაგიჟებს სითბო, ვერ ვიგუე ფარჩის საბანი,
ჩემს ოთახს ავსებს შენი ლანდები.
დაღლილი არის, სანატრელო, დღეს ჩემი ტანი,
ნუ გვიანდები.

არ შემიძლია დავიწყება შენი სახისა...
                                    დავფარე ღამე ბნელ ნაწნავებით;
ვიხუტებ ვნებით მსუბუქ ჰაერს ჩემ ოთახისას
თეთრი მკლავებით.



წერილი ანა ახმატოვას

მე მინდა გითხრა სამძიმარი,
რომ ბლოკი მოკვდა!
ხანდახან ჩუმი და მძინარი
მეცა ვარ ბლოკთან.

ჩამოდი ჩემთან, მე მგონია
ვიქნებით დები:
თუ პეტერბურგის აგონია
გიყვარს... და ვცდები.

თბილისის მადლი და მშვენება
გიშველის, ვიცი.
ორივეს ერთად გვეჩვენება
წასული პრინცი.

შენ დაღალული გიბანია
სხეული ნისლში...
ჩვენი ქვეყანა ისპანია
არი ივლისში.

მე ცოტა მიცნობს: სხვანაირი
მეწვია ბედი,
შენთვის საჩუქრად მაქვს დაირი
და ოქროს გედი.

ჩვენი მზე, ჩვენი მხარე ლურჯი
ლოყებს აგინთებს;
აკოცე შენი ცივი ტუჩით
თამარის თითებს.



მე და კატა

ხშირია სიჩუმე ოთახის სტუმარი,
წვიმის დრო მოვა და დილამდე დარჩება,
ბუხართან კატაა ყოველთვის მდუმარი...
ცისფერი ოთახი წითლად იფარჩება.
მივდივარ ბუხართან; რა მინდა! არ ვიცი!
ელავენ, თბებიან ტიტველი ფეხები.
მე არ შემიძლია, მე მარტო დავიწვი,
და ფეხის გულებით კატის ზურგს ვეხები.
და ისევ ზმორება, ვნება უწინდელი,
კატასთან თამაში და თრთოლვით ხუმრობა.
ძვირფასმა მაჩუქა გამხდარი ცინდალი:
მე მიყვარს ზამთარში სიჩუმის სტუმრობა.



დარიანული

დაიტანჯა
მაჯა
მარჯნის
მძიმე
ჯაჭვის
ტარებით.
ბევრი ცრემლი
დამეხარჯა
ერთ ღამის
ნეტარებით.
დაიტანჯა
მაჯა
მარჯნის
მძიმე ჯაჭვის
ტარებით.
მე ლოყაზე
დამრჩა
ფარჩა
ცხელი პირის
მოკარებით.
დაიტანჯა
მაჯა
მარჯნის
მძიმე ჯაჭვის
ტარებით.
ჩემს დამტანჯველს
ღმერთი
დასჯის
ქაჯად
გადაგვარებით.




ტიციან ტაბიძე



ფატმან ხათუნი

ჩემს ასარკებს მოგონება ცხელი ასულის,
ფატმან ხათუნი ელანდება ძილშიც ხარბ თვალებს.
მიყვარს ეს ლანდი მაშინაც კი, როცა მაწვალებს,
შეიძლებოდეს დაბრუნება ნეტავ წარსულის.

მუტრიბ მომღერალთ ისმის ქება აქ სიყვარულის,
ალიონამდე ჰკოცნის ფატმან ავსებულ ყანწებს
და კუროების ქარავნები ამტვერებენ გზებს,
ელიან ნახვას ნდომისაგან ფერგადასულის.

არ დაიღლება მისი ტუჩი კოცნით არასდროს,
სულსაც მიინდობს, რომ ღალატით შემდეგ დაღადროს,
მისთვის ერთია ჩაჩნაგირი და ავთანდილი.

ფატმან, ოცნებით ცხოვრობს სული შენს ცხელ საბანში,
ის შენი ტყვეა, როგორც თაგვი სინის ხაფანგში
და თრთის ქედანი აქ ძერასთან ომგადახდილი.


ლექსი მეწყერი

მე არ ვწერ ლექსებს... ლექსი თვითონ მწერს,
ჩემი სიცოცხლე ამ ლექსს თან ახლავს.
ლექსს მე ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს,
რომ გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს.

მე დავიბადე აპრილის თვეში,
ვაშლების გაშლილ ყვავილებიდან,
მაწვიმს სითეთრე და წვიმის თქეში
მოდის ცრემლებად ჩემს თვალებიდან.

აქედან ვიცი, მე რომ მოვკვდები,
ამ ლექსს რომ ვამბობ, ესეც დარჩება,
ერთ პოეტს მაინც გულზე მოხვდება
და ეს ეყოფა გამოსარჩლებად.

იტყვიან ასე: იყო საწყალი,
ორპირის ფშანზე გაზრდილი ბიჭი.
ლექსები იყო მისი საგზალი,
არ მოუცვლია ერთი ნაბიჯი.

და აწვალებდა მას სიკვდილამდე
ქართული მზე და ქართული მიწა,
ბედნიერებას მას უმალავდნენ,
ბედნიერება მან ლექსებს მისცა.

მე არ ვწერ ლექსებს, ლექსი თვითონ მწერს,
ჩემი სიცოცხლე ამ ლექსს თან ახლავს.
ლექსს მე ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს,
რომ გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს.


რია-რია

მივალ, მივდივარ და მივიმღერი,
თან საქართველოს მიმაქვს ოცნება,
ვარ გაუთლელი ლერწამის ღერი,
ტუჩმიუდებლად რომ იკოცნება.

ათასი გული ერთად რომ მქონდეს,
ათას გულს ერთად ამოვიჭრიდი.
ოღონდ, ლამაზო, არ დამიღონდე,
მახსენე კაცად, როცა დაგჭირდე.

ათას სალამურს გააქვს გუგუნი,
ერთად ამღერდნენ გურიის მთები,
თუ ამ სიმღერით სიკვდილს მარგუნებ,
არც სიკვდილისთვის დაგემდურები.

ერთ საწყალ პოეტს ამაზე მეტი
სინდისით აღარ მოეთხოვება,
დამადეთ გულზე ტყვია ცამეტი,
მაგ თქვენი მამის სულის ცხონებამ.


ანანურთან

შენ აქ რა გინდა, მაგრამ ყოველთვის
მომაგონდები ამ ანანურთან.
შავი არაგვი თეთრ არაგვს ერთვის,
ცვენი გათიშვა კი ყველას სურდა.

არც კი გიცნობდი, არც კი მენახე,
ისე გხატავდა თამარს ვრუბელი.
ხარ დანგრეული შენ `მოდი-ნახე~,
ფეხმოტეხილი შენ ხარ ღრუბელი.

ისე ნაზია ეს მოგონება,
როგორც დემონის ფრთების შეხება,
სჯობს გაიხარონ სხვა გოგოებმა,
მოიბან შენი ირმის ფეხები.

დე, გაიხარონ იმათ მგოსნებმაც,
მათი ცხოვრება ხვალე იწყება,
ჩვენ მგლოვიარე, მწუხარ ოცნებას
დაფარავს მიწა ვდა დავიწყება.

გარჩენილი ვარ ქვებზე კალმახი
და ახეული მაქვს ლაყუჩები,
შემართულია ფეხზე ჩახმახი
და უსიკვდილოდ ვერ გადვურჩები.

ასე კვდებოდა ალბათ ათასი
და მოწმედ ჰყავდათ ეს ანანური,
ეს არის ჩემი მგოსნობის ფასი
და თვითმკვლელობის იავნანური.

სანტიმენტალური მოგზაურობა

მაისი ყველგან არის მაისი,
მაგრამ ბათუმში მაინც სხვა არი,
და ვხვედები ახლა, რომ სილამაზეს
აღარ ჰქონია ქვეყნად საზღვარი.

ზღვა ისე იყო მშვიდი და წყნარი,
რომ აღარც მახსოვს, იყო თუ არა!
ერთად გააღო ცამ შვიდი კარი
და ზღვას სარტყელად გადაუარა.

თეთრ ზამბახების დგანან ფარდები,
გააქვთ შრიალი პალმების ქოლგებს,
და ისე ყრია თეთრი ვარდები,
თითქო ათასი აქ გედი მოკლეს.

გაღებულია სამოთხის კარი
და მე მრცხვენია, რომ ვარ უშენოდ,
ალბათ ყოფილა წყევლა ამგვარი:
მივცეთ პოეტებს სამშობლო მხარე

ულამაზესი _ ედემის დარი,
მხოლოდ ქალები გადავუშენოთ.
გაღებულია სამოთხის კარი
და მე მრცხვენია, რომ ვარ უშენოდ.



ვალერიან გაფრინდაშვილი

თიკო თუმანიშვილს

მე მომაგონდა `ფიქრი~ როდენის,
როცა თქვენ გნახეთ, თიკო, პირველად.
, თქვენს თვალებში მარად ლოდინის
სჩანს მწუხარება გასაკვირველად.

როგორც ტირიფი, თქვენ იცრემლებით,
მარმარის მსგავსად პირმომცინარე.
თავზე გასხიათ თეთრი ტყემლები
და მიგაქანებთ ჩქარი მდინარე.

თქვენი წარბები და წამწამები _
ტანალეწილი მეძებრებია.
თქვენი ზრახვები განაწამები
გამოუთქმელნი ობლად კვდებიან.

არის თქვენს ხმაში კვნესა გედური.
მარადი ლტოლვა ვის არ დაღლიდა!
როგორც მიმოზა, სდუმს საყვედური
და იცქირებით მეტ სიმაღლიდან.

იქნება იცით თქვენ სულ სხვა რამე
და ჩვენზე უფრო ხართ ბედნიერი!
და თუ გადმოგცათ ფაუსტის ღამემ
თავისი ჯადო, თავის იერი?

ასწია ქარმა თქვენი სხეული,
რომ ვარსკვლავებზე დაიჭრათ ხელი.
უკან ბრუნდებით ცრემლმორეული
და გადატყდება ქვითინში ყელი.



ისეთი ლექსი

ვიყავი მხოლოდ ლექსით მდიდარი,
არ მიძებნია მეტი ქონება
და ლექსის გარდა არავითარი
მე არ მხიბლავდა სხვა შთაგონება.

ისეთი ლექსი დავწერო მინდა,
რომ არ დამჭირდეს კვლავ ლექსის წერა,
მსურს, დავიფერფლო, ვით ცეცხლი წმინდა
და ეს იქნება გედის სიმღერა.

ჩემი სიცოცხლე არის ლოდინი
ამ აგონიის და ამ სიმღერის.
რამდენი წელი, დღე რაოდენი
ვიყავ მძებნელი იდუმალ ფერის.

მე აღარ მინდა მეტი წვალება,
სულის და ხორცის ყოფაზე ზრუნვა,
დღეთა კოშმარი ცეცხლისთვალება,
რითმების ძებნა, სიტყვების ბრუნვა.

კმარა, გათავდეს მწველი ამბავი,
უკანასკნელად ვიმღერო, მინდა
ლექსი, ჩემს შემდეგ დასასტამბავი _
ჩემი ანდერძი და სიტყვა წმინდა.

და მაშინ ვიტყვი გულგაპობილი:
_ ბედო, შავპირო, გამიშვი ახლა,
გულში ჩამიკრავს მიწა მშობელი,
დამიტირებენ ვარსკვლავნი მაღლა...

ისეთი ლექსი დავწერო, მინდა,
რომ არ დამჭირდეს კიდევ ცხოვრება,
და მჯერა, ჩემი სიმღერა წმინდა
სამშობლო მხარეს ემახსოვრება.


სენტიმენტალური ტრიოლეტი

ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა,
ვით შემოდგომის ღამეებში თეთრი ვერსალი.
შენს სილამაზეს ჩემი ტრფობა ესაფეხურა.
ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა.
მე განშორების ცივი თოვლი დიდხანს მეხურა.
ვტიროდი ხარბად _ მარტოობით ნაალერსალი.
ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა,
ვით შემოდგომის ღამეებში თეთრი ვერსალი.





პაოლო იაშვილი


პოეზია

გაგიჟება სჯობს, თუ გათავდა სიტყვის მადანი,
და თვალთა დათხრა, თუ მზეს ქებით ვეღარ დახვდები,
ლექსო, გულიდან ხორცად რომ ხარ გამონატანი,
თუ უნაპიროდ, სამუდამოდ არ გაჩაღდები.

არი მკვლელობა, არი ომი, არი ხანძარი,
მიწისძვრა, ჭირი, ტყეში ყოფნა მარად თულებად,
მაგრამ არ არის ტანჯვა უფრო უზარმაზარი,
როგორც პოეტის შთაგონებით დასნეულება.


წერილი დედას

დავტოვე სოფელი,
მყუდრო სამყოფელი,
ქვიტკირის მარნები
და კატის კნუტები _ სიმინდის ყანა!
ჰა! კინტოს პროფილი,
საეჭვო ტარნები,
და დავიკუნტები
ქალაქის ქუჩებში მე _ სალახანა.

ტირილი, ტირილი, ტირილი ბევრი!
ბზის განიავება, კალო და კევრი,
და სოფლის სიწმინდე, მართალი ბათმანი,
როცა მე ქალაქში მაწუხებს, მახელებს,
ყველა ყელსახვევი, შავი ხელთათმანი.

იქნებ ჩვენ ტფილისი ხვალ ყველამ დავტოვოთ!
მინდა დღეს მივწერო დედას უსათუოდ,
იმღეროს მამასთან ის ნანა ტკბილი,
როცა გაიხარა, რომ მეჭრებოდა პირველად კბილი;

როცა მე ქურდები მეგობრად მრაცხავენ,
სოფელში ვენახი გახდა მოსარწყავი
და ვაზის ფურცლებზე ისე გალურჯდება იქ შაბიამანი,
ვით თვალის უპე _ როცა მე არ მახურავს ღამეში საბანი.

დედა! ინახულე
შენ წმინდა ხახული!
წადი ფეხშიშველი,
ქალაქში დაკარგულ შვილისთვის ღამე გაათიე,
ღმერთო! აპატიე _
მე თუ ვერ მიშველი,
დედას, რომ დაგინთოს ჩემ სიგრძე სანთელი,
მისთვის, რომ ჩემს გულში
დაყუჩდეს გრიგალი და კორიანტელი.


თბილისი

მინდა ავვარდე მამადავითზე,
იქ აირჩიე, სულო, ბინა შენ;
მინდა უეცრად მუხლზე დავეცე
ჩემი თბილისის და მზის წინაშე.

ჩემი ქალაქო! არ დამაკელი
შენ სიხარული მზისგან ფერილი,
თავზე გადგია, როგორც კანკელი,
ცა მოელვარე და აჟღერილი.

ვხედავ, ურმები ლორთქა თივებით
გზას ახარებენ აჭრიალებით;
მტკვარს მოჰყვებიან ფიჭვის ტივები,
ვით მოცურავე თეთრი ქალები.

სდუღან ოქროს და წითელ ღვარებად
კვირა დღეებით შენი ქუჩები,
და იცლებიან ოხშივარებად
შენს გარეშემო მთები თუჯების.

შენს ალაყაფთან მსურს დავალაგო
ლექსები, როგორც სისხლის წვეთები...
მილიონ ხმებით სავსე ქალაქო,
დიდი სატახტო ხარ პოეტების.


ლირიკული მისამართებიდან

ჯერ სიყვარული ასე ფართო და ასე მთელი
მე არ მიგრძვნია _ და ეს სიბრძნე დამბუდებია,
მოშვერილი ვარ შენზე გულით, და როგორც გელი _
ჩემი თვალები უკეთესი საბუთებია.

ჩემი დაბნევა, ელდა, ყოველ წუთის ცეტობა,
როცა არ მესმის, რას ამბობენ, რად მეძახიან,
უხერხულობა, ყველა დარდი, ყველა შეცდომა _
ეს ყველაფერი, სანატრელი, შენი დაღია.

მოუსვენრობა ვერაფერმა ვეღარ გახარა,
გამოჩნდი იმ დროს, იჭვები რომ მებადებიან.
ნუ გეშინია, ჩემო კარგო, თმაში ჭაღარა _
ეს სინათლეა, სიყვარულს რომ შემატებია!

ოცდაჩვიდმეტი წელიწადი ისე გაცურდა,
როგორც მხატვარის მეგობრობა საყვარელ ფერთან.
იყავი ჩემთან, გამტანელთან და ვაჟკაცურთან,
ამ დიდ დღეებში ყოველ წამში ვიაროთ ერთად.

ნუ ჩაგაფიქრა ჭირვეული ჭორის ხროებმა,
ჩემთვის სიჩუმე ღამეში რომ მოიზანტება,
საშინელია, როგორც ომის მოახლოება,
საშინელია, როგორც ჩემთვის ტყვიის მზადება.