ხალხური



 ლექსო, ამოგთქომ...

ლექსო, ამოგთქომ, ოხერო,
თორო იქნება ვკვდებოდე
და შენ კი ჩემად სახსოვრად
სააქაოსა რჩებოდე,
გიმღერდენ ჩემებრ სწორები,
ფანდურის ხმაზე ჰყვებოდე,
ქვეყანა მხიარულობდეს
და მე საფლავში ვლპებოდე.
ნეტავი, ჩემო სახელო,
დიდხანამც იხსენებოდე,
ჩემო ნათქვამო სიტყვაო,
შენამც კი გაჰქვეყნდებოდე!
შენ, ჩემო საფლავის კარო,
შენამც კი აჰყვავდებოდე!
სახლო, არ დაიშლებოდე,
ცოლო, არ გათხოვდებოდე...
ერთ ეგეც უნდა ვიკითხო,
ჩემს სიკვდილს ვინ იტირებსა,
ვინ ჩამააბნევს ცრემლებსა,
საქმეს ვინ გაიჭირვებსა?!
ამასა ვფიქრობ და გულიც
ამასვე ანამდვილებსა:
დედის მეტს ჩემი სიკვდილი
არავის აატირებსა...
თუმც ნათესავნი, და-ძმანი
აღარ აისხმენ ღილებსა,
ცოლიც ძალიან მიტირებს _
ქვეყანას გააკვირვებსა,
ცოტა ხნის შემდეგ ისიცა
სხვისა ჭირს გაალხინებსა,
სულ ყველას დავავიწყდები,
ყველას სხვა დაათირებსა...
მე დედის გულში ვიქნები,
ძილსაც არ დაიძინებსა,
ვენაცვლე ძუძუს გამზრდელსა,
გულით ეგ დამიტირებსა...
დედას ვუყვარვართ შვილები,
დედა არ გვახსოვს შვილებსა,
იმითა გვტანჯავს გამჩენი,
სულ მუდამ გვაცოდვილებსა.


ვეფხვი და მოყმე

1

მოყმემა პირშიშველამა
შიბნ გაიარნა კლდისანი,
მოინადირნა, დალახნა
ბილიკნი ჭიუხისანი;
შამახდეს კლდისა თავზედა
ხორონი ჯიხვებისანი, _
ჯიხვსა თოფ დახკრა ბერხენსა,
ჭალას ჯახ იქნეს რქისანი;
შაღვარდა ვეფხვსა ნაწოლსა,
დრონ იყვნეს შუადღისანი,
ყმას ვეფხვი წამაუფრინდა,
თვალნი არისხნა ღვთისანი;
შაიბნეს ვეფხვი და მოყმე,
მაშინ დაიძრნეს მიწანი,
კლდეები ჩამაინგრივნეს,
შტონ დაილეწნეს ტყისანი;
ფარს იფარებს და ვერ ასწრებს,
ვეფხვნი ჩქარნია კლდისანი, _
გაზით გაართვა კალთანი
ჯაჭვისა, ჯავშანისანი;
მოყმემაც ხელში იყარნა
ვადანი თავის ხმლისანი,
მაშინ გაუჭრა ფრანგულმა,
ძალნ შაეწივნეს ცისანი;
ვეფხვი კლდეთ გარდაეკიდა,
დროც იყვნეს წაქცევისანი,
თავადაც კლდისთავს შამოწვა,
ჩამააწითლენ ქვიშანი...

2

იარებოდა დედაი
ტირილით, თვალცრემლიანი:
`ჩემს შვილს გზად ვეფხვი შაჰყრია
გაჯავრებული, ტიალი;
ვეფხვს ხმლით და ჩემს შვილს ტოტითა
დღე დაუბნელდათ მზიანი;
არც ვეფხვი იყო ჯაბანი,
არც ჩემ შვილ შახვდა ჭკვიანი;
მათ დაუხოცავ ერთურთი,
არ დარჩეს სირცხვილიანნი~...
ტირილით წყლულებს უხვევდა
დაჭრილსა ვეფხვის კლანჭითა:
`შვილო, არ მახკვდი, შენ გძინავ,
დაქანცული ხარ ჯაფითა,
ეგ შენი ჯაჭვის კალთები
ოხერმა როგორ დაფლითა?!
შენც იმის საფერ ყოფილხარ,
აღარც შენ დააცალია,
ვეღარც შენ დაიფარიე
შენ ხელთ ნაქონი ფარია,
ვეღარცა ვეფხვმა ტოტები,
ხმალმა დაკუწა ძვალია;
ამის მეტს აღარ გიტირებ,
შენ არ ხარ სატირალია,
ლაშქარში, მეკობარშია
არ იყავ საწუნარია;
მშვიდობით! ჯვარი გეწეროს!
ეგეც სამარის კარია! _
ერთ შვილ ხო მაინც გაგზარდე
ვეფხვებთან მეომარია!~

3

ხან ვეფხვი, ხან თავის შვილი
ელანდებოდა მძინარსა,
ხან ვითამ ვეფხვი იმის შვილს
ტანზეით ახყრის რკინასა,
ხან ვითამ იმის შვილმ სძლივის,
ვეფხვს გარდაავლებს ყირასა;
აი, ამ სიზმრებს ხედავდა,
გამაეღვიძის მტირალსა;
ხან იფიქრებდა: `უდედოდ
გაზდა ვინა თქვა შვილისა!
იქნება ვეფხვის დედაი
ჩემებ დღე-და-ღამ ტირისა!
წავიდე, მეც იქ მივიდე,
სამძიმარ უთხრა ჭირისა,
ისიც მიამბობს ამბავსა,
მეც უთხრა ჩემი შვილისა...
იმასაც ბრალი ექნების
უწყალოდ ხმლით დაჭრილისა~.


რამ დამაბერა...

ვერ მიცნა ჩემმა სწორფერმა,
ქალამა ჩემი ხნისამა,
`რამ დაგაბერა?! _ ეს მითხრა, _
ბიჭო, სთქვი, ძალმა რისამა?!~
`ჩემ დაბერება, ქალაო,
წელმა ქნა სამოცისამა,
სამოც-სამოცჯერ შემოსვლამ
გაზაფხულისამ, სთვლისამა!
ჩემზედაცა ქნა ბოინი
მსაჯულმა სიცოცხლისამა,
აღრენამ, ადიდებამა
როშკას, ფონთანას წყლისამა,
დიდის ნიაღვრის მოვარდნამ,
წაღებამ წისქვილისამა,
წისქვილთან ერთად წაღებამ
მამაჩემისამ, დისამა!
წყალწაღებულის ძევამა,
ვეღარ მახელვამ მკვდრისამა!
ურჯულოსავით ნაქნარმა
მაშინ ჩემ დედისძმისამა!
ოფლ-შრომამ დედაჩემისამ,
შეძენამ მამულ-წყლისამა!
მამულ-წყლის გამოისობით
გაყიდვამ ტალავრისამა!
ცხოვრებამ სიდუღჭირითა,
სიმწარემ ობლობისამა!
სუდ მარტუაის ყოფამა,
არვისგან ჭერამ მხრისამა!
ამაგან ჩამომაბერა,
სიმრავლემ დუშმან-მტრისამა!
ავკაცობასთან ჭიდილმა,
პირში თქმამ სიმართლისამა!
სიჭაბუკის დროს ღალატმა
ქალისა ლამაზისამა!
თავზე ასწილად გადავლამ
ჭორისა, საძრახისამა!
ზამთარ _ ქარბუქის გუგუნმა,
გრიალმა წვავებისამა!
ზაფხულის სილამაზემა,
სიმრავლემ ყვავილისამა!
დილით შურთხების სტვენამა,
ღამით ყმუილმა მგლისამა!
ჭიუხში ღამისთევამ და
მიყოლამ ჯიხვებისამა!
`ზატვრის~ ხელფიცხად ხმარებამ,
წივილმა შაშხანისამა!
ხარლაღის გაგორებამა,
ჩაჯახჯუხებამ რქისამა!
მიმდგარმა დასწრებაზედა
ბაგბუგმა ნაგნებისამა!
ბზესავით ტყვიის მაშლამ და
კივილმა ქისტებისამა!
ჩამომაბერა ოცნებამ,
ჩონგურმა ვერხვის ხისამა!
ჩაქრობამ, ჩანაცრებამა
ყველა ტოლ-მეგობრისამა!
ჩემ მარტუაის დარჩომამ,
ჩამოთეთრებამ თმისამა!
ვერგამართლებამ საქვეყნოდ
ნაქონის იმედისამა!
კაი დროების წასვლამ და
ვერმოსვლამ სიკეთისამა!..
აქ, ბარად ჩამოსახლებამ,
გაწირვამ არხოტისამა!..
`რამ დაგაბერა?! _ ეს მკითხა, _
რამ, ბიჭო, ძალმა რისამა?!~ _
სიზმარში მკითხის ამბავი
ლელამა გაბურისამა,
მკვდარმა _ ვერდავიწყებულმა
ორმოცდაორის წლისამა!


***
ვერცხლისად თასად მაქცია,
რო ღვინით აგევსებოდი!
დაფერილი მქნა წითლადა,
შამსვამდი, შაგერგებოდი!
ანა მქნა ვერცხლის სათითე,
რო ხელზე ჩაგეგებოდი!
ან შენი ნამგლის ყანა მქნა,
რო ფხაზე შაგერჭობოდი!
ანა მქნა ვარდი-ყოილი,
ჩხვირ-პირზე დაგეყრებოდი!
ანა მქნა მოვის პერანგი,
რო გულზე დაგადნებოდი!
ან შენი ნანდაური მქნა,
გულს ჯავრად ჩაგერჭობოდი!
ან შენი ძმა მქნა მოწილე _
აროდეს გაგეყრებოდი!


***
აის ღრუბელნი მიყვარან,
ბოროლაზე რომ დიანო,
ერთიმეორის შაყრასა
ხარობენ, მეელიანო;
შაიყრებიან ერთადა,
მანანას ჩამოჰყრიანო...
რაც უნდა ბევრსაც ეცადონ,
ჩვენ ერთურთს ვერ გაგვყრიანო!


***
ჩემო უცეცხლოდ დამწველო,
უღვინოდ დამათრობელო,
მალ-მალ თვალებში ნუ დამკვლევ,
სიყვარულს შაგვატყობენო,
დაგვაშორებენ ერთმანეთს,
თოვლივით დაგვადნობენო.


***
ნუ გინდა ცოლი ლამაზი,
რა ომში გამოგადგება!
ჩაიცვამს წითელ-ყვითელსა,
გამოვა კარზე დადგება,
იმის შემხედავ ვაჟკაცი
კელაპტარივით დადნება.


***
ეგრე არ უნდა, ყმაწვილო,
ნიადაგ ქალთან შორვება:
ხან ხვევნა უნდა, ხან _ კოცნა,
ხან კიდევ _ მკლავზედ გორვება...
ხანდისხან ქვეყნად გახვიდე,
უკან არ ვდაგრჩეს ცხოვრება!


***
ნეტავი ფრინვლად მაქცია,
შენსკენ გადმოვყვე ნიავსა,
მოვიდე ყელს მოგეხვიო
თავგაუშლელსა იასა,
საბნისა წვერსა ავწიო,
პირსა გაკოცო მზიანსა, _
არცა რა შენ დაგიშავდეს,
არც მე ჩავვარდე ზიანსა.


***
რომელ ხარ ნიჩბელაშიგა,
ემანდ ვინ უკრავ სტვირსაო!
ამაღამ ჩემთან ჩამოედ _
არ დაგაძინებ ძილსაო!
ქერით გაგიძღებ ლურჯასა,
ვაჟავ, ჩამოსვლა ღირსაო, _
შუღამით გაგახსნეინებ
ჩემი ფარაგის ღილსაო...


***
აიმ მთასა, თოვლიანსა,
ზედამც წვერზე გადამკიდა,
ზედამც მწვიმდეს, ზედამც მთოვდეს,
ზედამც ნამქერს მამაყრიდა,
ხელში მამცა ჭრელი გველი,
შავი _ ყელსამც ჩამამკიდა,
ამას... ყველას გავუძლებდი _
ავსა ქმარსამც არ ამკიდა!





No comments:

Post a Comment