ტერენტი გრანელი



გაზაფხულის საღამო

გაზაფხულის საღამოა მშვიდი,
ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი.

სული საზღვარს გადასცდება ფრენით
ახლაც მახსოვს მისამართი შენი.

ცამდე წვდება ღამეების სიგრძე,
რაღაც დიდი სიხარული ვიგრძენ.

წინ მეშლება სხვა ოცნების არე,
მიწის ცქერით დაიღალა მთვარე.

გაზაფხულის საღამოა მშვიდი,
ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი.



***
უმანკო ცრემლი დამეცა გულზე,
ყველამ თქვა: ყოფნა რომ სიზმარია.
სიკვდილს ყოველთვის თვალებში ვუმზერ,
ვგრძნობ ვიღუპები და მიხარია.

ქარების დღეა, ქრიან ფოთლები
და იმედებიც ახლო არიან.
ახლა არ ვიცი, რას ველოდები,
ახლა არ ვიცი, რა მიხარია.



***
აქ ყვავილებიც მოიპოვება,
ეს გრძნობა ცაზე უმაღლესია.
ჩემი ცხოვრება არის პოემა,
ჩემი ცხოვრება მხოლოდ ლექსია.



უმიზნო ხეტიალი

ეს შემოდგომა და ეს მინდორი
მიხმობს უმიზნო ხეტიალისთვის.
მაღლა გაფრენა მე მოვინდომე,
რადგან მიწაზე სული არ იცდის.

შრება სისხლისგან გული _ აუზი
და მიპყრობს ქუჩა, ვით თაფლი ფუტკარს.
თითქმის ყოველდღე სასაფლაოზე
ვხვდები მათხოვარს და პროსტიტუტკას.

ახლაც გარშემო მძიმე წამია,
ახლაც ქარში ვარ, თავს ვერ ვუშველე,
და ვესალმები იმ ადამიანს,
ვისაც ცრემლები ლოყას უსველებს.

და მაგონდება ისევ ის ღამე,
როცა მეძინა სანაგვე ყუთში.
ახლა ქარია, ტირის არღანი
და მოწყენილი ზის თუთიყუში.

შენ, დედამიწავ, უფრო მაშინებ,
როცა ოცნებით ზეცას მოვიარ.
წმინდაო ღმერთო! რად გამაჩინე,
მე ხომ სიცოცხლე არ მითხოვია?!

ისევ მიწაზე ვარ მიჯაჭვული
(სადღაც შიშია, ვიღაც ფითრდება).
მოვა ოდესმე ვინმე ტანჯული
და ჩემს საფლავთან ის დაფიქრდება.

და ასე ფიქრი უფრო ძნელია,
როცა თვალები ნათელს უცდიან.
ღმერთო! ჩემს ირგვლივ რა სიბნელეა,
ღმერთო! ჩემს ირგვლივ რა ბურუსია?!



***
სადღაც შორს, ნაპრალს ნისლი ეწვია,
მე დავასვენე ბაღში თვალები.
ჰქრიან ფიქრები და პოეზია
რა არის, გარდა იდუმალების.

სადღაც შორს, ნაპრალს ნისლი ეწვია,
მივდივარ, თბილისს ვტოვებ დროებით.
ჰქრიან ფიქრები და პოეზია
რა არის, გარდა უსაზღვროების.

სადღაც შორს, ნაპრალს, ნისლი ეწვია,
ძვირფასო, ჩემ გულს შენ არ იცნობდი.
ჰქრიან ფიქრები და პოეზია
რა არის, გარდა მარადისობის.

სადღაც შორს, ნაპრალს, ნისლი ეწვია
მე დავასვენე ბაღში თვალები.
ჰქრიან ფიქრები და პოეზია
რა არის, გარდა იდუმალების.



შენს მოლოდინში

მე შენზე ვფიქრობ და თითქო გხედავ,
ვფიქრობ და ისევ დღეა მზიანი.
ძვირფასო, მოსვლა რად გაგიძნელდა,
ძვირფასო, რისთვის დაიგვიანე.

ახლა ეს გრძნობა უფრო მეტია,
ახლა ქარები არხევენ ტირიფს,
მე შენ გიამბობ ჩემს ტრაგედიას
და როგორც ბავშვი დავიწყებ ტირილს.

ასე გაივლის წამება, ოხვრა,
შენ მოხვალ ჩემთან თეთრი ხელებით.
მოხვალ დაღლილი, მეტყვი: როგორ ხარ?
მოხვალ და ვიცი, მომეფერები.

თუმცა იქნება ღანე წვალების,
ღამე სასტიკი და ულმობელი.
და ეს თვალები, ლურჯი თვალები,
ჩემი თვალები ისევ მოგელის.




No comments: