მირზა გელოვანი


***
ყველა მოკლე და ქერა თმის ნახვით
გამახსენდება თმები შოლტები.
როგორ არ მინდა, როგორ არ მინდა,
მაინც მივდივარ, მაინც გშორდები.

ასე თიშავდნენ ძველი ზღაპრები
ასფურცელას და ოქროსთმებიანს,
ქარმა დაგლიჯა ყველა აფრები
და შენზე დარდში დამთენებია.

მგზავრი ვარ, შენზე ფიქრებს ვუნდები
და აჩრდილებთან თამაშს უვნებელს.
მე დავბრუნდები, ჰო დავბრუნდები,
მე შენი თმები დამაბრუნებენ.



, მაპატიეთ

ბედმა უცნობი გზით გამაქანა,
თქვენ დარჩით შორი... ცაზედაც შორი...
და როგორც კარტში აგურის ქალებს,
გქონდათ ქერა თქმა და ყელი ბროლის.

მე გპირდებოდით, რომ დავბრუნდები,
რომ თქვენი თმები დამაბრუნებენ,
მაგრამ დღეები, როგორც ქურდები,
ჩემს შეპირებას ანადგურებენ.

და სადმე ტყვია თუ გააციებს
გულს საშინელი განადგურებით,
თქვენ მაპატიეთ, ჰო, მაპატიეთ,
დანაშაული არდაბრუნების.



ნუ მწერ

ნუ მწერ, რომ ბაღში აყვავდა ნუში,
რომ მთაწმინდაზე ცა დაწვა თითქოს,
რომ საქართველო ამ გაზაფხულში,
როგორც ყოველთვის, წააგავს ხვითოს.

რომ ორთაჭალამ ჩაიცვა თეთრი,
რომ შენც ჩაიცვი კაბა ყვავილის,
რომ მტკვარი ოხრავს, როგორც ყოველთვის,
როცა მეტეხის ახლოს ჩაივლის.

...წუხელ ვებრძოდი ცეცხლს და ურაგანს,
და საშინელი ბრძოლების ნისლში
მე მომეჩვენა, სადღაც, ჩვენს უკან
აელვებული იდგა თბილისი.

ორთაჭალაში ჰყვაოდა ნუში,
მთაწმინდის მხრებზე მზე იწვა თითქოს,
და შენ, ძვირფასო, ამ გაზაფხულში,
როგორც ყოველთვის, მოჰგავდი ხვითოს.

ნუ მომწერ... ისეც ვიცი, რაგვარი
ფერებით ჰყვავის თბილისი ახლა,
რომ ვიღაც დადის მინდვრებში ღამით
და დილისათვის ამწვანებს ნახნავს.


მე ისიც ვიცი, რომ კარგ ამინდებს
მოაქვთ გულების საამო ფეთქვა,
და თუ ბოლომდის ტყვია დამინდობს,
თუ გაზაფხულებს შევხვდებით ერთად, _

გეტყვი, რომ მოვედ ბრძოლანახული
და სიკვდილამდის შენთან დავრჩები,
რომ ლამაზია მზე გაზაფხულის,
ბრძოლების შემდეგ  - მზე  გამარჯვების.