ალექსანდრე ჭავჭავაძე, გრიგოლ ორბელიანი, ნიკოლოზ ბარათაშვილი

ალექსანდრე ჭავჭავაძე

***
ღიმილმან კარი ლალისა
ღიმილმან კარი ლალისა
განაღო გამჭვირვალისა,
დღეს ესე მკმარის სიმდიდრედ,
ხვალემ იზრუნოს ხვალისა.

ალვის ნაყოფი მრჩობლედი,
შევამცენ ჩემი დამბნედი,
დღეს ესეოდენ გავბედი,
ხვალემ იზრუნოს ხვალისა.

ნიავთ მობერვით შეძრულმან
სუნი მაყნოსა სუმბულმან,
დღეს ამით განიშვა გულმან,
ხვალემ იზრუნოს ხვალისა.


ვაჰ, დრონი დრონი...

ვაჰ, დრონი, დრონი, ნაგებნი მტკბარად,
წარილტვნენ, განჰქრენ სიზმრებლივ ჩქარად;
მე იგივე ვარ მარად და მარად!
არ ვსდევ ჟამთა ცვლას,
მე იგივე ვარ მარად და მარად!

მოვშორდი მოყვასს, ძალს ცხოვრებისას,
არ გიკვირსთ მხედავთ კვლავცა სულმდგარად?
მე იგივე ვარ მარად და მარად!

გლახ ბედისაგან ესრეთ დასჯილი,
იმედოვნებას ვუწოდებ ფარად,
მე იგივე ვარ მარად და მარად.

იგიცა მელტვის, მიბრალეთ ამით,
უსასოდ ყოფას სჯობს ყოფა მკვდარად...
მე იგივე ვარ მარად და მარად!

მე ერთმან ერთ გზის ერთს ვუძღვენ თავი,
მასვე ვმონებდე მტკიცედ და მყარად _
მე იგივე ვარ მარად და მარად.

თუ მასცა ჩემებრ უცავს სიმტკიცე,
ვიბრალებ რაყიფს, შვრების მომცდარად.
მე იგივე ვარ მარად და მარად.

ჰსაჯეთ: პყრობილმან უწყისა ტრფობა?
საცა გინდ ვიყო, მასთან ვარ მარად,
მე იგივე ვარ მარად და მარად!
არ ვსდევ ჟამთა ცვლას,
მე იგივე ვარ მარად და მარად!




გრიგოლ ორბელიანი


***
ვინცა გნახოს, კვლავცა გნახოს, არ იკმაროს, კიდევ გნახოს;
თუ მოგშორდეს, ცრემლით გძებნოს და რა გპოვოს მან გაღმერთოს;
მისი სიტყვა, მისი ფიქრი, თუ არ შენდა, არსად იყოს,
შენთან მის დღე ბრწყინვალებდეს, უშენოდა დაებნელოს!



მუხამბაზი

გინდ მეძინოს, მაინც სულში მიზიხარ!
თვალთ ავახელ, ზედ წამწამზე მიზიხარ!

ყმასავითა მე ერთგული შენი ვარ,
გინდა მკლავდე, არას გეტყვი _ შენი ვარ.
სადაც წახვალ, მე მაშინვე იქა ვარ,
გინდ ვერ მნახო, იცოდე რომ იქა ვარ!
რას გაწუხებ? მე ჩემთვისა იქა ვარ,
ჩემთვის ჩუმად ვამბობ: რა ლამაზი ხარ~!

გინდ მეძინოს, მაინც სულში მიზიხარ!
თვალს ავახელ, ზედ წამწამზე მიზიხარ!

რტო ალვისა, შენი წელი მგონია,
მაგ წელზედა ცისარტყელა მგონია,
ეგ თვალები _ ცაში ელვა მგონია,
ვარდის სუნთქვა, _ შენი სუნთქვა მგონია.
როს მეღირსოს, ვსთქვა: `გეთაყვა, ჩემი ხარ?~

გინდ მეძინოს, მაინც სულში მიზიხარ,
თვალს ავახელ, ზედ წამწამზე მიზიხარ!

ათი გზა მაქვს, ათივე შენკენ მოდის!
ფიქრები მაქვს, წინ შენი სახე მოდის!
მინდა რამ ვსთქვა _ შენი სახელი მოდის!
ჩემს გულში რა ამბებია, რა მოდის?
ერთხელ მაინც მკითხე: `აგრე რათა ხარ?~

გინდ მეძინოს, მაინც სულში მიზიხარ,
თვალთ ავახელ, ზედ წამწამზე მიზიხარ!

ჩემს დარდებსა ვინ ინაღვლებს, ვინ არის?
ვის რათ უნდა, ლოპიანა ვინ არის?
მკვდარია თუ ცოცხალია, ვინ არის?
ქვეყანაში აბა რაა, ვინ არის?
შენ არ მეტყვი, ვიცი სულით ნაზი ხარ!

გინდ მეძინოს, მაინც სულში მიზიხარ,
თვალთ ავახელ, ზედ წამწამზე მიზიხარ!

ორთაჭალის ბაღში მნახე, ვინა ვარ,
დარდიმანდის ლხინში მნახე, ვინა ვარ!
ჯამით ტოლუმბაში მნახე, ვინა ვარ! _
მაშინ შეგიყვარდე, სთქვა: `ძვირფასი ხარ!~

გინდ მეძინოს, მაინც სულში მიზიხარ,
თვალთ ავახელ, ზედ წამწამზე მიზიხარ!



ნიკოლოზ ბარათაშვილი


საყურე

ვითა პეპელა
არხევს ნელ-ნელა
სპეტაკს შროშანას, ლამაზად ახრილს,
ასე საყურე,
უცხო საყურე,
ეთამაშება უცხოსა აჩრდილს.

ნეტავი იმას,
ვინც თავისს სუნთქვას
შენსა ჩრდილშია მოიბრუნებდეს!
შენის შერხევით,
სიო-მობერვით
გულისა სიცხეს განიგრილებდეს!

ჰოი, საყურეო,
გრძნებით ამრევო,
ვინ ბაგე შენს ქვეშ დაიტკბარუნოს?
მუნ უკვდავების
შარბათი ვინ სვის?
ვინ სული თვისი ზედ დაგაკონოს?



***
რად ჰყვედრი კაცსა, ბანოვანო, პირუმტკიცობას?
თუ ემდური შენ ტრფიალისა ცვალებადს გრძნობას,
რომ არ გემსჭვალვის საუკუნო ტრფიალებითა?
ჰგავს, არ პასუხს სცემ შენ მას სულით მშვენიერითა.

სილამაზეა ნიჭი მხოლოდ ხორციელების
და, ვით ყვავილი, თავის დროზე მსწრაფლად დაჭკნების,
აგრეთვე გულიც, მხოლოდ მიდა შენამსჭვალები,
ცვალებადია, წარმავალი და უმტკიცესი!

მშვენიერება ნათელია, ზეცით მოსული,
რომლითა ნათლდება ყოვლი გრძნობა6 გული და სული,
და კაცსა შორის, ვით კერძოსა ღვთაებობისა,
რად გრწამს არ იყოს საუკუნო მადლი ტრფობისა?

თვით უკვდავება მშვენიერსა სულში მდგომარებს,
მას ვერც შემთხვევა და ვერც ხანი ვერ დააბერებს.
მხოლოდ კავშირი ესრეთთ სულთა შობს სიყვარულსა,
ზეგარდმო მადლით დაუხსნელად დამტკიცებულსა!

მხოლოდ მათ შორის არის გრძნობა, ესთ სანუკველი,
რომ მის უტკბილეს არც თუ არის სასუფეველი!
მას ცისა სხივით აცისკროვნებს მშვენიერება
და უკვდავებით აგვირგვინებს ჭეშმარიტება!



ღამე ყაბახზედ

...უეცრად მათში დავინახე თეთრკაბიანი
და _ მეყვსეულად მან მიმიღო ჩემნი ცნობანი.
არ ვიცი, ამ დროს რად აღვიგზენ უფროს ცეცხლისა?
სად არს სილაღე, სად არს ძალი გრილის გულისა!
ვნახე სადღაცა ქალთ კრებაში როდისღაც ერთი,
მას აქეთ თვალი ვეღარ მოვჰკარ და ახლა ერთი
სდგას აქა კრძალვით, ვით ქურციკი ვეფხვთა შორისა,
ყელი ყელყელობს, აღმგზნებელი გულთა ჭირისა!



***
სატრფოვ, მახსოვს თვალნი შენნი
მშვენიერნი ცრემლით კრთოდენ,
და ბაგენი მდუმარენი
ხვაშიადსა მიმალვიდენ!

მაგრამ, სულო, იგი ცრემლი
არ სტიროდა ამ სოფელსა;
სახე შენი მოწყენილი
არა ჰგავდა ხორციელსა!

აწ მივხვდი მე, უბედური,
თვალთა შენთა მეტყველებას:
თურმე ცრემლი უცნაური
მოელოდა ჩემს ობლობას!

ახლაც, ოდეს ვნახავ სადმე
ცრემლსა თვალთა მშვენიერთა,
გულამოსკვნით ვიგონებ მე
დღეთა ჩემთა ბედნიერთა!



***
ცისა ფერს, ლურჯსა ფერს,
პირველად ქმნილსა ფერს
და არ ამ ქვეყნიერს,
სიყრმიდგან ვეტრფოდი.

და ახლაც, როს სისხლი
მაქვს გაციებული,
ვფიცავ მე _ არ ვეტრფო
არ ოდეს ფერსა სხვას.

თვალებში მშვენიერს
ვეტრფი მე ცისა ფერს;
მოსრული იგი ცით
გამოკრთის სიამით.

ფიქრი მე სანატრი
მიმიწვევს ცისა ქედს,
რომ ეშხით დამდნარი
შევერთო ლურჯსა ფერს.

მოვკვდები _ ვერ ვნახავ
ცრემლსა მე მშობლიურს, _
მის ნაცვლად ცა ლურჯი
დამაფრქვევს ცვარს ციურს!

სამარეს ჩემსა როს
გარს ნისლი მოეცვას,
იგიცა შესწიროს
ციაგმან ლურჯსა ცას!



ნა... ფორტოპიანოზედ მომღერალი

ხმა საკრავისა,
ნელ ნარნარისა,
სულს განახარებს;
და მშვენიერის
ენა ამიშლის
გულისა ჭირებს!

ვჭვრეტდი ლამაზსა,
სევდითა ნაზსა,
და შევეტრფოდი;
ყოველ გრძნობათა,
ყოვლთ გონებათა
მას მივაპყრობდი.

ღაწვნი ნაცრემლნი,
ტრფიალთ დამწველნი,
უფროს შვენოდენ;
თმანი ნაშალნი,
მკერდზედ დაყრილნი,
ემუქმკებოდენ.

ჟუჟუნა თვალნი,
გულთა მომკვლელნი,
მოცინარობენ;
პაწაწა ტუჩნი,
ვარდებრ ნაფურცლნი,
ლხენას მოჰბერვენ.



***
შენნი დალალნი ყრილობენ გველად
სპეტაკს მკერდზედა, ტრფობისა ველად,
და თვალთა ჩემთა ადავრიშებენ!
ხან ნუგეშისთვის, ხან დასაწველად!

ოდეს ნიავი ლამაზს დალალებს
მიგიშლ-მოგიშლის და სიამოვნებს,
მაშინ ჩემს თვალებს აღაგზნებს შური
და, გლახ, ჩემს გულსა ის ავალალებს!