ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი


ილია ჭავჭავაძე

რისთვის მიყვარხარ?

რისთვის მიყვარხარ? მისთვის, რომ ცრემლსა
ჰბადავს ჩემს თვალში ეს სიყვარული,
მისთვის, რომ მტანჯველს ჩემს ავსა ბედსა
უფრო სასტიკად ებრძვის ეს გული.

რისთვის მიყვარხარ? მისთვის, რომ შენს თვალს
ჩემ გულის ალი არ უდნობს ცრემლსა,
მისთვის მიყვარხარ, რომ მაძლევ ტანჯვას
და იმ ტანჯვაში სრულ სიცოცხლესა.


***

ჩემო კალამო, ჩემო კარგო, რად გვინდა ტაში?
რასაც ვმსახურებთ, მას ერთგულად კვლავ ვემსახუროთ,
ჩვენ წმინდა სიტყვა უშიშარად მოვფინოთ ხალხში
ბოროტთ საკლავად _ მათ სულთ-ხდომის სეირს ვუყუროთ.

თუ კაცმა ვერ სცნო ჩვენი გული, ხომ იცის ღმერთმა,
რომ წმინდა არის განზრახვა და სურვილი ჩვენი:
აგვიყოლია სიყრმიდანვე ჩვენ ქართვლის ბედმა
და დაე, გვძრახონ, _ ჩვენ მის ძებნით დავლიოთ დღენი.

ჩემზედ ამბობენ: `ის სიავეს ქართვლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს, ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!~
ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _
ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!


***
როცა წუხილი მჩაგრავს უწყალო,
კაცთან არ ვილტვი მის განქარვებად;
მყის თავის-თავად ლაღი, უბრალო,
სიმღერა-მორბის ნუგეშ-საცემად.
და იმ სიმღერას ჩემს წყურვილს ვანდობ,
ის ჩემებრ არის სევდით ბურვილი,
მის მწუხარ ხმებში ჩემს გულის ხმას ვსცნობ
და მევე მიყვარს ჩემი წუხილი.



***
გახსოვს, ტურფავ, ჩვენს დიდ ბაღში,
მე და შენ რომ ერთად ვრბოდით?
ნეტა იმ დროს!.. სიყვარულის
მეტს არაფერს ჩვენ არ ვგრძნობდით!
შენ მოსწყვიტე ქორფა ვარდი,
გადმომიგდე საყვარელსა
და მითხარი: `ჩემო გიჟო!
ჩემ სახსოვრად გქონდეს ესა!~
ან შენ მაშინ რა იცოდი,
ან შენ გიჟმა რა იცოდა,
რომ იმ ვარდზე ადრე შენი
სიყვარული დასჭკნებოდა!..
გახსოვს, ტურფავ, იმავ ბაღში
აყრდნობდი ჩემს მხარზე თავსა,
შენ ჩემს სუნთქვას ჰგუშაგობდი
და მე შენსა წრფელ სუნთქვასა;
დაგყურებდი, ვეღარ გავძელ,
ლოყით კოცნა მე მოგპარე;
შენ შეკრთი და ლამაზ თითით
ღიმილით დამემუქარე.
ან შენ მაშინ რა იცოდი,
ან შენ გიჟმა რა იცოდა,
რომ ის კოცნა ბოლოს გესლად
შენის გმობით შემეცვლოდა.



აკაკი წერეთელი


საიდუმლო ბარათი                                            

საიდუმლო ბარათო!
გითხრეს: ექმენ მარადო
სიხარულის მიმნიჭედ
და სევდისა ფარადო~.

მისთვის გიდებ უბეში,
გალბობ ცრემლის გუბეში,
ამისრულო, რაც გითხრეს,
თუ ხარ ჩემი ნუგეში!

ვერა მხედავ მდუმარეს,
ცრემლებს რომ ვღვრი მდუღარეს?
რად არ მეტყვი მის ამბავს,
ნუგეშს არ მცემ მწუხარეს?

როცა მისი მარჯვენა
გრძნობით გხატავდა შენა,
თვალთ ცრემლი ვერ შენიშნე?
ვერც სახეზე მოწყენა?

როცა ამ სიტყვებს სწერდა,
გული ხშირად უძგერდა?
და თან ტკბილის გრძნობითა
სიყვარულსა დაგმღერდა?

ან როს ფარულად მანა
შენ ჩემთან გამოგგზავნა,
ანგელოზი სუფევდა
მის გულში თუ სატანა?

არა! ამ გრძნობას განა
მიჰბედავდა სატანა?!
მაშინ უკუღმა ბრუნვას
იწყებდა თვით ქვეყანა!

საიდუმლო ბარათო!
მექმენ... მექმენ მარადო
სიხარულის მომნიჭედ
და სევდისა ფარადო.



***
როტშილდის ქონება მე, შექსპირის გონება მე,
ყველაზედ _ უფროსობა,
შენი კი _ მონობა მე!

შევარდნისა ფრენა მე! ბულბულისა სტვენა მე!
და შენგამო, შენგან მე _
ტკბილი ცრემლის დენა მე!

სხვა ვინატრო რაღა მე! რაღა დღე და რა ღამე!
როცა შენმა სიშორემ
გული დამიდაღა მე!



ტასო მაჩაბლისას
(წარწერა წიგნზე)

მთელი ჩემი სიცოცხლე ტანჯვაა და ვაება,
ამირანის ჯაჭვებით დაბმული უკვდავება!

ბედმა დამწვა, დამდაგა, გადამასხა მდუღარე!..
მაგრამ გაუძლებ ტანჯვას, შენ თუ მისხივცისკარე.


***
არც მყვარებია, არც მიყვარს,
არც მდომებია, არც მინდა,
არც მწამებია, არცა მწამს
შენს გარდა კიდევ სხვა წმინდა!