ანა კალანდაძე, იზა ორჯონიკიძე, ნაზი კილასონია

ანა კალანდაძე


თუთა

ლამის სახლში შემოიჭრას თუთა,
ლამის თავზე გადამისვას ხელი...
დამიძახებს, თვალს ჩამიკრავს მუდამ
ხე მაღალი, ხე ზურმუხტისფერი...
რა ჩურჩული ესმით ჩემთა ყურთა?
რა ჩურჩული?.. დამდაგველი, მწველი...
ლამის სახლში შემოვიდეს თუთა,
ლამის წელზე შემომხვიოს ხელი...



ლოცულობს გველი

გასრიალდება ხევში ზმორებით
ტანმოხატული უცხო ზოლებით,
მუხლებს მოიყრის და შიშის მგვრელი
ლოცულობს გველი...
ალბათ, ცოდვილ სულს ავედრებს ღმერთსა,
რომ იდუმალებს,
სევდიან თვალებს
მიაპყრობს ზეცას,
ჩუმად ჩურჩულებს გესლიან ენით...
გრილი ნიავი ფოთლებთან მრკენი
შეარხევს ბალბას, შრიალებს ლელი
და შიშის მგვრელი
ლოცულობს გველი...
ვინ იტყვის ახლა, ერჩოდეს კაცთა,
ნაიდუმალებს,
როს მზეს აჩვენებს დაწინწკნულ ტანს და
სევდიან თვალებს?
ტყის ბანოვანი ზანტი ზმორებით,
ტანმოხატული უცხო ზოლებით
მორჩება ლოცვას და შიშის მგვრელი
ხელში დაირით
ველებს დაივლის
და უზუნდარას იცეკვებს გველი...



***
_ თქვი, არჯაკელო ხვიარა,
ქსანზე ვინ ჩამოიარა?
_ რა ვი, ღრუბლებზე ვფიქრობდი
და არა გამიგია რა...
_ მეც... სხვათა შორის ვიკითხე,
სალაპარაკოდ კი არა...




იზა ორჯონიკიძე



***
ადექ! მონასესხებ დღეთა
მიწას დაუბრუნე ვალი,
რა გაქვს საკინკლაო ღმერთთან,
თუ არ დაგიბრმავა თვალი,

შენთვის გაიმეტა თუკი
ორი დღეკეთილი ხილად...
ადექ, ხმამაღალი ბუკით
მთაზე გადმომდგარა დილა.



ნუ დამპირდები

ნუ დამპირდები,
ნუ, ნურაფერს ნუ დამპირდები!
ჰგავს საჩხაკუნოს, აკვნებზე შებმულს,
ვაშლის კვირტები,
ეს გაზაფხულიც, გაპუწული,
ყვითელქოჩორა,
დღეს ჩემი სულის ასაწეწად
მიწამ მოჭორა.
მიწამ მოჭორა თეთრი ტრედი,
ზეცის ნაღები,
დღემოკლე ჩრდილიც,
ეფარვიან რომელს გლეხები:
გულისა ცემით
და შარაგზით გაბეზრებული
მეოცნებენი, მელექსენი _
გიჟთა კრებული!
ყველა, ვისაც კი
ქარიანი ცეცხლი ეკიდა!
მე ვწყევლი, ვწყევლი,
ვინც სიყვარულს მიმცა შეგირდად...
გესმის გრიალი?
გული გასკდა, განა კვირტები!
ნუ დამპირდები, ნუ,
გაზაფხულს ნუ დამპირდები...


აპრილი

შენ, სიყვარულით სნეულო ბავშვო
 (გარშემორტყმულო მუდამ ფლიდებით!),
რატომ გგონია, რომ წყარო დაშრა
და ქარებს ვეღარ გაეკიდები?!

რატომ გგონია, რომ შენი სენი
ამ სოფელს აღარ გადაედება
და მხიარიული ნიაღვრის დენა
არ გადააქცევს მიწას ედემად?!

მოირთე შროშნით! (ჯანდაბას იჭვი,
ჯანდაბას სევდაც _ ჯოჯო ხნიერი!)
მოდის ოცი წლის სულელი ბიჭი,
თავაწყვეტილი და მშვენიერი!


           
ქუჩაში გაგონილი სიმღერა

ნეტავ, გული მწყდებოდეს,
არ ვიცოდე, ნეტავ...
ისევ შენთვის მინდოდეს
ცით ვარსკვლავის წყვეტა...

ნეტავ მენატრებოდეს
დაშაქრული განგებ,
მატყუარა მაისის
გაცრეცილი ბაგე...

ნეტავ, ცრემლი მაღრჩობდეს,
მეხი მცემდეს, ნეტავ,
ნეტავ, ისევ მიყვარდე,
ნეტავ, ნეტავ, ნეტავ...



ნაზი კილასონია

ის ბიჭი

ის ბიჭი, ჩემი დიდი ოცნება,
ჩემი სიმღერა და ჟრუანტელი,
მკერდზე ტკივილის შესისხლხორცება,
ზოგჯერ იმედის ასხივოსნება,
ზოგჯერ მდუმარე როგორც ფლატენი.

ის ბიჭი... ასე ზღაპრად იტყვიან,
მე სინამდვილეც არ მაქვს ადვილი.
ვერ იქნა გულში ვერ ჩამიტია,
ისეთი მცირე მსურდა ადგილი.


რაღაცა მოხდება

იქნება ძალიან ლამაზი დღეები,
გრილი ჩანჩქერები
და ტევრი ტყეები.
იქნება ბალახი _ მკერდამდე ნაყარი.
კიდევ გაზაფხული _ ბრიალა საყდარი.
მწვანე მოაჭირზე გაივლის ხვიარა
და ნემსი თითებით აკეცავს იარას,
რაღაცა მოხდება,
ან გარდაიქმნება,
სულ ეს არ იქნება!
ასე არ იქნება!
დაბერავს ბორიო, აფრა-აფრიანი,
ჩემი უმაღლესი და ჩემი ტრფიალი.
რაღაცა მოხდება; ან გარდაიქმნება.
სულ ეს არ იქნება!







ასე არ იქნება!