ნიკო სამადაშვილი


მოსწყდით

ის ლექსის გარდა არაფერს ჰქმნიდა,
თვალნაცემივით შფოთავდა ხშირად,
განა, ვისაც რომ ეს სენი სჭირდა,
იმან შეგზარათ და შეგაშინათ.

ის დაიღუპა ბედმოკრძალებით,
ბნელოდა, სდუმდნენ დიდი ჭადრები
და კიაფობდნენ შორს ვარსკვლავები _
მარადისობის ჭუჭრუტანები!



ნიკო სამადაშვილს

შენ ჩემში უსტვენ ვით საყდრის ჩიტი,
შენა ხარ ჩემი ნუგეშის დარი,
სულ კარგად მახსოვს, შენ რომ გამიჩნდი,
გარეთ ძაღლივით ყმუოდა ქარი.
ვერ გიპატრონე მე ლაზღანდარამ,
შენ სხვა მხევალი უნდა გყოლოდა,
ზეცა სივრცეებს აზანზარებდა
და მზე ყვიროდა ქვეყნის ბოლოდან,
შენ გადარებდნენ ბინდების ჭრიჭინს,
თუმცა სულ მუდამ ტოტს გცემდა ქარი,
ავადმყოფობა ეგოანთ, ბიჭო,
ლექსები ტანზე გამონაყარი.
ჩემი ძაგძაგი, თრთოლვა და სუსხი,
ტანის მერქანში თითქოს ძვლებსა ხრავს,
ღვინომორეულს, ოშხივარასხმულს,
ბინაში ბევრჯერ დამიკოცნიხარ.
იქამდე, სანამ დათეთქვილ ტუჩებს
არ გალხობიათ ბუერა სევდა,
შენ ძუძუს სწოვდი გაშლილ ალუჩებს
და ღვთისმშობელი აკვანს გირწევდა,
ლექსების ჯღაბნა წამებად გექცა,
სჯობდა ვენახის კვალ გებარა,
ვის რად უნდოდა ეს თვალთმაქცობა,
ნეტავი ქარში გადაგეყარა.
ქარები უფრო წაიკითხავდნენ,
ჩაბჟირდებოდნენ სადმე სიცილით;
ჩემი ცრემლებით ღამეს ხატავდი
და ბეთანიას მაისის დილით.
ვერ გაოკებდი, დაგდევდი კეტით,
ხან მელეოდა მუხლებში ძალა,
ზარივით გასკდა ამდენი რეკით,
ზედ რომ მამხია ეს თავის ქალა.
ვერ მოგიარე, რა გიყო ძმაო,
ორივე შემკრთალ ბუჩქის ჩრდილს ვგავდით;
შენ კიდევ მაინც ფიქრში მძუნაობ,
მე კი ბუწუწიც გამცვივდა დარდით.



თვალს არ აშორებდა

ის მიდიოდა ფერშეცვლილ გზებით,
წყალგაღმით ჩრდილებს აენთოთ კვარი,
იწოდა კაცი ჩუმი, მგზნებარე,
თან სიცოცხლეზე რჩებოდა თვალი.

წყევლა ესმოდათ ფეხმძიმე ნისლებს,
სადღაც კი ყეფდნენ ქუში ქედები,
მღვიმეში იდგა ჟამთა სისველე
დაოსებული შემოქმედებით.

ცისკრის ამოსვლა ბეწვზე ეკიდა,
ნანგრევს დაეხრა სამრეკლოს კარი,
ის მიდიოდა და მაინც კიდევ
სულ სიცოცხლეზე ეჭირა თვალი.