ოთარ ჭილაძე



***
წვიმაც ასეა: მტვრიან ტოტებზე
მაშინ გადირბენს, როცა არ ელი,
და მერე დაგაქვს, როგორც მოტივი,
აჩემებული და საყვარელი.

მაგრამ შენ უკვე ტყუილად ბორგავ,
დამთავრდა ვნება _ დარჩა ამბავი...
და სველ აფიშას კითხულობს ქოლგა
და თავისი გზით მიქრის ტრამვაი.



***
გარეთ ისევ წვიმს და ჯერ ადრეა.
გარეთ ისევ წვიმს და სულ იწვიმებს.
მე ვგრძნობ, რომ მცივა და მენატრები,
მაგრამ ვერ გხედავ, როგორც სიცივეს.

გარეთ კი წვიმით სველი აბრები
აშიშინებენ შერჩენილ სიცხეს.
მეც აღარ მინდა, რომ სხვებს დაბრალდეს
ჩემი სიჩუმე და ხმაურს ვიწყებ.

გათავდა! აღარ ჩამოგეხსნები,
არც მახსოვს, ვის რა ვუთხარი გუშინ
და ვაფათურებ სიცხიან ლექსებს
შენს თმებზე, მხრებზე, მუხლებზე... სულში.

ნარბენი კაცის გულივით ფეთქავს
საათიც, ქუჩაც, ფოთოლიც, წვეთიც...
შენ ხარ _ აქამდე რაც უნდა მეთქვა,
შენ ხარ ოთახში ჰაერზე მეტი.



***
წვიმს. მოწყენილი და სველი კვამლი
ცას ეტმასნება და სადღაც ერთვის.
ეს შემოდგომის დღეებიც წავლენ,
ხსოვნას შერჩევა ათასში ერთი.
აი, გაივლის სულ ცოტა ხანი,
მეც მოგონებად ვიქცევი შენთვის...
წვიმს. მოწყენილი და სველი კვამლი
ცას ეტმასნება და სადღაც ერთვის.



***
მე ვარ ამ წუთას ყველაზე მაღლა,
ქარხნის მილებზე და ცაზეც მაღლა,
მხოლოდ შენ გამო... ასეთი ღამე
მრავალი იყოს... ასეთი დაღლა.

მე არ ვყოფილვარ არასდროს ხარბი,
მე არ ვყოფილვარ არასდროს ცუდი,
ან არაფერი არ მახსოვს, ალბათ,
არ მიცხოვრია აქამდე წუთიც.
და მწამს, რომ ჩემში დარჩება მუდამ
ეს უცნაური დღე და სიჩუმე,
შენი ოთახის შუქი მბჟუტავი
და შეკრეჭილი თმები ბიჭურად.

ხეებზე მაღლა, სახლებზე მაღლა,
ქარხნის მილებზე და ცაზე მაღლა _
შენით! შენ გამო! _ ასეთი ღამე
მრავალი იყოს... ასეთი დაღლა.



***
თვრამეტი მარტი, თვრამეტი მარტი...
თვრამეტი უკვე გასული წელი,
თვრამეტი უკვე გამქრალი ლანდი
და წელზე ახალ მეგობრის ხელი.

თვრამეტი მარტი, თვრამეტი მარტი,
ერთად ატანა მზისა და თოვლის...
და როგორც ბეწვი და სუნთქვა კატის,
ქუჩაც სავსეა დენთით და თრთოლვით.

თვრამეტი მარტი, თვრამეტი მარტი...
დრო როგორ გარბის, რა სწრაფად გარბის...
ვიღაცა გიხსნის გულსა და კარტებს...
დროს თითქოს სცივა და სადღაც გარბის...

და შენს კაბაში ირხევა ქალი
და ნაზი ბინდი ედება თვალებს
და სულში ვიღაც ჩურჩულებს: მალე,
დალიე, სანამ სხვა ვინმე დალევს.

და როგორც ღვინო, ან როგორც ბროლი,
ქუჩაც სავსეა თრთოლვით და დენით...
და როგორც ღამე უეცარ სროლით,
ჩემი ცხოვრობა შემკრთალა შენით.

და აი, ისიც! გაშლილ აფრებით
მოსულა ვიღაც და გიცდის კართან,
მე კი ჩუმად ვარ და არაფერი
არ შემიძლია სიჩუმის გარდა.

თვრამეტი მარტი, თვრამეტი მარტი...
თვრამეტი უკვე გასული წელი,
თვრამეტი უკვე გამქრალი ლანდი
და წელზე ახალ მეგობრის ხელი.



***
მზად ვარ, გისმინო და გემსახურო.
ქარში იშლება დეკემბრის თოვლი
და მღერის შენი მძიმე საყურე,
გაბრუებული დეკემბრის თოვლით.

(მე, ალბათ, დიდხანს მექნება ვალი,
მაგრამ ვიქნები სულ მხიარული.
ეს გაუმარჯოს შენს ეშმაკ თვალებს
და სარკეებში ნასწავლ სიარულს).

სარკმელში ისევ თოვლი ირევა
და ჰყვება თავის უბრალო ამბავს
და სკამზე, როგორც ნანადირევი,
ჰკიდია შენი ლამაზი კაბა.



***
შენა ხარ ჩემი ჯილდოც, სასჯელიც.
გულზე ახლოს ხარ და ღმერთზე ზემოთ,
ჩემო ტანჯულო, ჩემო მტანჯველო,
დაულეველო სამშობლოვ ჩემო.

შენთან ვარ, მაგრამ მაინც დაგეძებ,
როგორც დაეძებს საჭმელს მშიერი,
და ამ პატარა მიწის ნაგლეჯზე
შემაძრწუნებლად ვარ ბედნიერი.