ლადო ასათიანი


ყაყაჩო

ძველად აქ ჯარებს უხმობდნენ
დაფდაფითა და ბუკითა,
ახლა ყაყაჩო შემომხვდა
ლამაზი ქალის შუქითა.
შემომხვდა, შემომანათა,
ჩიჩხლები შემომაყარა,
ალუჩა-ტყემლის შემოსვლა
და გაზაფხული მახარა...
უცხო კაცად რომ შემიცნო,
შერცხვა და თავი დახარა;
სიწითლემ გადაუარა,
ალბათ, იმაზე დაფიქრდა,
მოვეწონეო თუ არა?!



***

მე ვეტრფი ძლიერ ტფილისის ჰავას,
ნიკო ფიროსმანს და საათნავას,
მე იმ ლოთიან მომღერალს ვგავარ,
ქართველი ქალის შნოსა და ჯავარს
და საქართველოს ლურჯი ცის თავანს
რომ უმღეროდა დაუღალავად!

მე ვეტრფი ძლიერ თბილისელ ხაბაზს,
დილით ადრე რომ ააფრენს ლავაშს,
ორბელიანის ძლიერ მუხამბაზს,
ნიკო ფიროსმანს და საათნავას!

მე ვეტრფი იმ თეთრხოჩიან მაყარს,
კრიმანჭულის დროს ცას რომ ახედავს,
და კახურ ამბოხს, შლეგსა და მაგარს,
შემოდგომაზე ქვევრს რომ გახეთქავს!

მე ვეტრფი მხოლოდ ლამაზის თვალებს,
ლამაზი არის თბილისში ყველა
და სიყვარულით უგონოდ მთვრალი
და შველა უნდათ ლამაზებს, შველა!

მე ვეტრფი მეტად რუსთველის სახელს,
ვით საქართველოს სინდისს და ნამუსს,
ყველა ღვინისმსმელს და ყველა კახელს,
ამ ჩემ პატარა ძველთაძველ მამულს:
ქართულ ჩონგურს და ქართულ სალამურს,
თბილისის ცას და თბილისის ჰავას,
ნიკო ფიროსმანს და საათნავას!

მე დაჭრილი ვარ უიარაღოდ,
მე შენს სიყვარულს ვერ გავექეცი,
ვერ იტყვი ჩემზე გული არ აქვსო,
მე გული მქონდა და შენ მოგეცი,
მე დაჭრილი ვარ უიარაღოდ,
მე შენს სიყვარულს ვერ გავექეცი.

მე ვეტრფი მხოლოდ შენს ლამაზ თვალებს
და სურნელებას შენი ტანისას,
გაშლილო მზეო, გავსილო მთვარევ,
ღაჟღაჟა ვარდო წინანდალისა,
მე ვეტრფი მხოლოდ შენს ლამაზ თვალებს
და სურნელებას შენი ტანისას!

მე იგი მიყვარს, ვისაც უყვარდა
თავისი ქვეყნის ხალხი და მიწა,
ვისაც სახელი შორს გაუვარდა,
ვინც კაცი იყო და ლექსად იქცა,
მე იგი მიყვარს, ვისაც უყვარდა
თავისი ქვეყნის ხალხი და მიწა!

მე შენ მიყვარხარ და საქართველო,
უთქვენოდ, აბა, რამ გამახაროს!
მიწავ, მტერთაგან დაუთრგუნველო,
გთხოვ, შენი კალთა გადამაფარო!
მე შენ მიყვარხარ და საქართველო,
უთქვენოდ, აბა, რამ გამახაროს!

მე კარგად ვიცი, ვინა ვარ, რა ვარ,
საიდან მოველ, ან საით წავალ, _
და ვეტრფი ძლიერ თბილისის ჰავას,
ნიკო ფიროსმანს და საათნავას!



***
გთხოვთ არ გაიგოთ სხვანაირ სახით
ეს გახუმრება და ეს ბარათი,
მე მინდა თქვენთან დავიდგა სახლი
და მთაწმინდაზე დავრჩე მარადის.

რომ შთაგონებით მთვრალი და ხელი
ავმღერდე თქვენი ტრფობის თილისმით,
თქვენ მოიღეროთ ჯეირნის ყელი
და გიყურებდეთ მთელი თბილისი.



 ***
მიმატოვე და მალულად
ახლა ვეღარ გხვდები,
ნაფიქრალით დაფარულან
საქართველოს მთები.

როგორ სწრაფად წამიხვედი!
სიტყვაც კი ვერ გითხარ...
შენს უნაზეს ძახილს ველი,
ჩემო კარგო, დიდხანს!

ვუმზერ მეტეხს, ნარიყალას,
შენ კი ვეღარ გხედავ,
გაიღვიძე, ჩემო ყველავ,
ჩემო სულის ერთავ!

ძველებურად, ჩვენებურად
ჩავუაროთ ისანს.
კაცი ვარ და ქუდი მხურავს
ქართველს შეუშიშარს.

მიმატოვე და მალულად
ახლა ვეღარ გხვდები,
ნაფიქრალით დაფარულან
საქართველოს მთები.



***
_ ამისი ქმარი სარდაფში მოკვდა, _
ასე იტყვიან შენზე ქალები,
და შენც ასეთი ნაზი და კოხტა
სიყვარულს ვერსად დაემალები.

_ ამისი ქმარი ღვინოში მოკვდა, _
ასე იტყვიან შენზე ლოთები,
და შენც ასეთი ნაზი და კოხტა
ახალ სიყვარულს დაელოდები.

_ ამ კაცის ცოლმა სხვე შეიყვარა, _
ასე იტყვიან ჩემზე ბიჭები,
გამიხსენებენ, როგორც ნიკალას,
და თბილ სამარეს დააბიჯებენ.



წვიმაში

დღეს მიკვირს, ისე როგორ გადავრჩი,
რომ ოდნავადაც კი არ დავსველდი
ისეთ ქუხილში, ისეთ ავდარში
მე _ ამ დროების მეათასედი.

ქარ-წვიმა იყო, თუ სროლა ისრის,
სამაგალითოდ შენაქუჩების.
მე მოვიარე საავდრო ნისლში
დედაქალაქის ყველა ქუჩები.

და მერე, როცა ჩვეული რიგით
გავხსენ რუსთველის ქუჩის ურდული,
დაიგრუხუნა თბილისის ირგვლივ
და წამოვიდა წვიმა შურდულით.

გავხედე: თრთოდნენ ქარ-წვიმის ხმაში
ქუჩები, ბევრჯერ გადანათელი,
მარტო გამზირზე არ წვიმდა მაშინ
და მარტო გამზირს ადგა ნათელი.

მაგრამ უეცრად იქუხა ისევ
მეტ გახელებით და გამძაფრებით.
და გამზირიდან ღრუბლიან ცისკენ
გაჩნდნენ ქარის და წვიმის ძაფები.

ბევრი ვეომე ძლიერ ზენაქარს,
ჩემს მშობელ ქუჩას თავს ვევლებოდი.
ბოლოს საფარი რომ არ მენახა,
შესაბრალისად დავსველდებოდი.

ავდართან გმირულ ბრძოლებით დაღლილს
არსად რომ თავი არ დამეხარა:
გადამეფარა ქაშვეთის თაღი,
გადამეფარა და დამეხმარა.

წვიმა კი რბოდა როგორც აფთარი,
ცას გაუშვა ნაზი       ღაწვები,
და მე ვხედავდი, წელში გამტყდარი,
როგორ წვებოდნენ ქარში ნაძვები.

ორბელიანის საფლავთან მდგარმა
ქალაქს გავძახე ლექსი ქართული,
და რაწამს ყალყზე ამგარმა ქარმა
მოინახულა ჩემი სართული, _

იმ წამს წარსული დიდების ძალით
შეუჩერებლივ ავფრინდი ცამდე,
მერე ავენთე, ვით ნაკვერჩხალი,
და ნარიყალას კედელთან დავდექ.

აქ ვაჟკაცურად ვმღეროდი მართალს
მარადისობით გადანისლული,
აქ, ნარიყალას ხავსიან კართან,
დაეცა ჩემი ამაყი სული,

ვხედავდი: თრთოდნენ ქარწვიმის ხმაში
ქუჩები ბევრჯერ გადანათელი...
მარტო ჩემს ირგვლივ არ წვიმდა მაშინ,
მარტო ჩემს ირგვლივ იდგა ნათელი.