ვაჟა-ფშაველა


ქალას

ქალავ, ის მიყვარს მე შენი,
თავს რომ დაჰკიდებ მელადა,
პირდაპირ ცქერას ვერ ჰბედავ,
ვაჟთ ცქერას იმჩნევ წყენადა.

დროდადრო გაგეღიმება
გულისსაკლავად, ნელადა;
უხმლო ხმალს იქნევ, უხანჯროდ,
გულის გამხდარხარ მჭრელადა.

ჯერაც ატყვია ჩემს გულსა
შენგნით წყლულები ჭრელადა,
ოცგანაც კიდევ რომ დამჭრა,
ვერ გაგიხდები მტერადა!



გაზაფხულს ია ამოდის

გაზაფხულს ია ამოდის,
სთველში ირემი ყვირისო,
ეს ჩემი გული ტიალი
ისევ და ისევ სტირისო.

ღამით მინახავს მთის პირად
ბუ გულსაკლავად კიოდეს;
ნეტავ, თუ კიდევ სხვასაცა
ჩემებრივ გული სტკიოდეს?!

მითამ სუყველას ბოლო აქვს,
ზღვანიც კი დაშრებიანო;
მაშ, ჩემის გულის დამჭრელნი
რატომ არ გასწყდებიანო?!

თუ მამკლავ, ისე შენ მამკლავ

თუ მამკლავ, ისევ შენ მამკლავ,
ქალავ, თავდახრით მცინარო,
დღეს ჩემის პირის მკოცნელო,
ხვალ სხვისთვის ძუძუს მჩინარო.
წყეული იყოს ღვთისაგან
ის დღე, როდესაც ვნახეო
შენი ფოფინა თვალები
და მოელვარე სახეო!..
შენშია ვნახე ქვეყნისა
სიკეთე, რაც კი არია;
შემოგნატრიდენ ზეცანი
და თავს გიკრავდა ბარია.
რად გინდა, ეშმაკის კერძო,
მასვა სასმელი მწარია?!
არ დაინდობა დიაცი,
მიწყივ ორპირი, ფლიდია,
როგორც სავალად ბეწვისა
ზღვას გადებული ხიდია.



სიმღერა

მე რო ტირილი მეწადოს,
თქვენ ვის რა გინდათ, ნეტარა?
ერთი იცინის, სხვა სტირის,
ესეთი არი ქვეყანა.
ვისაც არ მოგწონსთ ტირილი,
ის ნუ დასჯდებით ჩემთანა;
მტირალის სტვირის პატრონი
ფეხს როგორ გავსწვდი თქვენთანა?!
მაგრამ გავიგებთ ერთხელაც,
ვინ ახლო ვსდგევართ ღმერთთანა.



იას უთხარით ტურფასა

იას უთხარით ტურფასა:
მოვა და შეგჭამს ჭიაო,
მაგრე მოხდენით, ლამაზო,
თავი რომ აგიღიაო!
შენ თუ გგონია სიცოცხლე
სამოთხის კარი ღიაო;
ნუ მოხვალ, მიწას ეფარე,
მოსვლაში არა ყრიაო,
ნუ ნახავს მზესა, ინანებს,
განა სულ მუდამ მზეაო!
მიწავ, შენ გებარებოდეს
ეს ჩემი ტურფა იაო,
შენ უპატრონე, ემშობლე,
როგორაც შენი ზნეაო.



რამ შემქმნა ადამიანად

რამ შემქმნა ადამიანად?
რატომ არ მოვედ წვიმადა,
რომ ვყოფილიყავ მუდამა
ღრუბელელთ გულ-მკერდის მძივადა,
მიწაზე გადმოისაგდებად
ცვარად ან თოვლად ცივადა?
არ გამწირავდა პატრონი
ასე ოხრად და ტივლადა!
ცაშივე ამიტაცებდა,
თან მატარებდა შვილადა.
ისე არ დამჭირდებოდა
სულ მუდამ ყოფნა ფრთხილადა.
მზის მოტრფიალე ვივლიდი
სიკვდილის გამაწბილადა;
მაღლა ცა, დაბლა ხმელეთი
მე მექნებოდა წილადა.
გავიხარებდი, მთა-ბარსა
ოდეს ვნახავდი მწვანედა,
მორწყულსა ჩემის ოფლითა,
ყვავილებს შიგნით, გარეთა.
გადავუშლიდი გულმკერდსა
დღისით მზეს, ღამით მთვარესა.
სიცოცხლეს ვაგრძნობინებდი
მომაკვდავ არემარესა.
თოვლად ქცეულსა გულშია
ცეცხლად იმედი მრჩებოდა,
რომ ისევ ჩემი სიკვდილი
სიცოცხლედ გადიქცეოდა
და განახლებულ ბუნებას
ყელ-ყურზე მოეხვეოდა.
კიდევაც ვნახავ გაზაფხულს

კიდევაც ვნახავ გაზაფხულს,
ყელმოღერებულს იასა,
სიკვდილის სიცოცხლედ მქცეველს
იმის სიტურფეს ღვთიანსა,
ამწვანებულსა მთა-ბარსა,
დამწყაზრულს, ყვავილიანსა.
კიდევაც ვნახავ ცა სჭექდეს,
თოვლის წილ წვიმა ცვიოდეს,
ანოყივრებდეს მიწასა,
მდინარეები ხვიოდეს,
აღარვინ იტანჯებოდეს
და აღარცვისა ჰშიოდეს;
სიმართლის გამარჯვებასა
მთაზე არწივი ყიოდეს,
მეც მას ბანს ვეუბნებოდე:
გული აღარა მტკიოდეს.